საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შავ ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს სამძიმარს უცხადებს. კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ძებნა თურქულმა მხარემ შეაჩერა, თუმცა, ადგილობრივი ძალებით, ძიება კვლავ გაგრძელდება.
"თურქული გემის შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები. ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამიტომ ამ ტრაგედიით სპეკულირება, ჩემი აზრით, არასწორია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრებისეული ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ განვითარების იმ საფეხურზე, როდესაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს და ვთქვა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ სამხედროები. ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ჩვენ რაც ხელთ გაგვაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი, იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგა.
გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობის შესაბამისად დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ უვადო შიმშილობა დაიწყო დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის დედამ. ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, დაკარგულების ძებნა განაგრძონ.





