მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

ენმ: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რასაც საქართველო ჯერაც ებრძვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება. ენმ-ის განცხადებით, კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის ალიანსმა საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

"1939 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, (რის შედეგადაც ფიზიკურად განადგურდა საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო და ინტელექტუალური ელიტები ისევე როგორც ათეულ ათასობით მოქალაქე). მიუხედავად ამისა, ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რასაც საქართველო ჯერაც ებრძვის და რის დაკანონებასაც რუსეთის მმართველნი კვლავაც ჯიუტად ცდილობენ. „პრივილეგირებული გავლენის სფეროს" აღიარებისა და მეზობელი სახელმწიფოს განვითარების გზის შეცვლა კრემლის საქმიანობის მთავარი ფოკუსია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საქართველოს შიგნით. სამწუხაროდ, ოკუპანტი სახელმწიფო ღია და ფარული მოკავშირეების ნაკლებობას არ განიცდის.

საბჭოთა წარსულთან და მის სიმბოლოებთან მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება, მისი სათანადო გააზრება საერთო ევროპულ კონტექსტში აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელ, ძლიერ და წარმატებულ ევროპულ საქართველოსთვის მებრძოლი არაერთი თაობის იდეათა საბოლოოდ ხორცშესასხმელად", - აცხადებს ენმ.

ცნობისთვის, 1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა - საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმეს. ამ პაქტს საიდუმლო პროტოკოლი ერთვოდა, რაც ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფას ითვალისწინებდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სტალინის რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის კი ომი მხოლოდ მაშინ გაჩაღდა, როდესაც ორი ტოტალიტარული ლიდერი მსოფლიოს გაყოფაზე ვერ შეთანხმდა.

ყოველი წლის 23 აგვისტოს, ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ის 2009 წელს დააწესა, როგორც - "ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა საერთოევროპული დღე". დეკლარაციას საქართველო 2010 წელს შეუერთდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რითაც ხელისუფლებას ამ დღის აღნიშვნა დაავალა.

 

კომენტარები