გადატრიალების მცდელობა თურქეთში

შსს: თურქეთის მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნილია

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია" - აღნიშნულია განცხადებაში.

15 ივლისს თურქეთში სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანას ისინი აკონტროლებენ. დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტამბოლში, ბოსფორის გასწვრივ ორი ხიდი დაკეტეს. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში შენიშნეს ჯავშანტექნიკა და სამხედროებიც. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ბოლო ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 1563 ჯარისკაცი დააკავეს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ადგილობრივ მედიას შაბათს გამთენიისას განუცხადა, სამხედრო გადატრიალება დასრულდა და ძალაუფლება კვლავ ხელისუფლების ხელშია.

კომენტარები