უზენაესი სასამართლო

პრეზიდენტი სასამართლო სისტემაზე: ვეჭვობ, კანონის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემას სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება. თუმცა, პრეზიდენტი ამ საკითხში ჩართულ და აქტიურ მოკავშირეებს პარლამენტში ვერ ხედავს. მან აღნიშნა, რომ პარლამენტში მიმდინარე მართლმსაჯულების ე.წ. მესამე ტალღის განხილვა შეჩერებულია მესამე მოსმენის ფაზაზე.

"როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, სასამართლო სისტემა საჭიროებს ტრანსფორმაციას ანუ ძირეულ, მყისიერ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ აქტიურ და ჩართულ მოკავშირეებს. პარლამენტში მიმდინარე ე.წ. მესამე ტალღის განხილვა შეჩერებულია მესამე მოსმენის ფაზაზე. მე მინდა განვმარტო, რომ ეს გულისხმობს მხოლოდ სარედაქციო, ტექნიკურ შესწორებებს და რეალურად, როდესაც მესამე მოსმენაზე ჩერდება კანონი და არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ კანონების მიღების, ჩვენ გვიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მნიშვნელოვანი კანონის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება. მე მინდა, ასევე, განვმარტო, რომ ეს კანონი არ არის პანაცია, მაგრამ ამ კანონში ჩადებულია ისეთი მუხლები, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის წესს უფრო გამჭვირვალეს, გასაგებს და რეგლამენტირებულს გახდის. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, უკვე ტექნიკური ცვლილებების დონეზე მისული შეთანხმებული კანონი რატომ არ არის მიღებული პარლამენტის მიერ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მე არაერთხელ გავაკეთე მოწოდება, რომ მზად ვარ ვიყო მოკავშირე პარლამენტისა ამ კანონის მიღების თვალსაზრისით და, თუნდაც, ვიყო მოკავშირე იმ თვალსაზრისითაც, რომ როგორც გავიაროთ კონსულტაცია პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე დავნიშნოთ საგანგებო სხდომა," - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეები ძალიან მაღალი უფლებების მქონე პირები არიან და მათ ძალიან მაღალი დაცულობის ხარისხი აქვთ, რაც მაღალ ვალდებულებებსა და აკრძალვებსაც აკისრებს. პრეზიდენტის თქმით, მოსამართლეებს ეკრძალებათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და პოლიტიკური განცხადებების კეთება. გიორგი მარგველაშვილმა თქვა ისიც, რომ მოსამრთლის არჩევამდე საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს.

"სასამართლო სისტემის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ამ სისტემის არის მოსამართლე, რომელსაც ირჩევს საზოგადოება და რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი დაცულობის ხარისხი, როგორც სამსახურებრივი ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვეკრძალება მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ანგარიშის მოთხოვნა. აი, ასეთი მაღალი უფლებების მქონე ადამიანებს ვირჩევთ და, ბუნებრივია, ამ არჩევანში საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, სანამ ხდება ამ ადამიანების არჩევა. ეს უნდა იყოს განსაზღვრული კანონით და ამაზე არაერთხელ მისაუბრია მეც და არაერთხელ უსაუბრია, ასევე, სამოქალაქო სექტორს. მე მინდა, ასევე, მოგახსენოთ, რომ ეს მაღალი დაცულობის ხარისხი, რომელსაც კონსტიტუცია აძლევს მოსამართლეებს, მაღალ ვალდებულებებსაც აკისრებს მათ და როდესაც ასეთი მაღალი დაცულობა გაქვს, შენ გაქვს მაღალი ვალდებულებებიცა და აკრძალვებიც. მინდა ყველას შევახსენო, რომ როდესაც შენ ხარ მოსამართლე ასეთი მაღალი დაცული ხარისხით, შენ გეკრძალება პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და პოლიტიკური განცხადებების კეთება. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მოსამართლეებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ საზოგადოებას, გამოდიან მოსამართლის მანტიიდან და სამოსამართლეო დარბაზიდან და საზოგადოებას ხან ჭკუას არიგებენ, ხან ემუქრებიან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რანაირად უნდა ვფუნქციონირებდეთ", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები