ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია: ენმ ადამიანის უფლებების სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებს გეგმავს

ელენე ხოშტარია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრებმა ელენე ხოშტარიამ, ოთარ კახიძემ და გიორგი ტუღუშმა პარტიის სამოქმედო გეგმის ნაწილის - ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა, პრეზენტაცია გამართეს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებს გეგმავს. მისივე თქმით, ეს ცვლილებები მოიაზრებს კერძო საკუთრებისთვის სრული გარანტიების უზრუნველყოფას, სასამართლოს ფუნდამენტურ რეფორმირებასა და სხვადასხვა სფეროს პოლიტიზების დასრულებას.

„ჩვენ ვგეგმავთ ძალიან რადიკალურ, ფუნდამენტურ ცვლილებებს ადამიანის უფლებების და, ზოგადად, კანონის უზენაესობის სფეროში. ეს პროგრამა ეფუძნება როგორც ჩვენი წარსულის წარმატებისა და შეცდომების გააზრებას, ასევე იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ სფეროში არსებობს. ეს არის, ერთი მხრივ, კერძო საკუთრების სრული გარანტიების შექმნა იმისათვის, რომ ბიზნესმენებმა იგრძნონ, რომ ისინი არიან აბსოლუტურად დაცულები. ჩვენ ვაუქმებთ ფინანსურ პოლიციას და იქნება კიდევ ბევრი სხვა ცვლილება. ეს არის სასამართლოს ფუნდამენტური და არა - კოსმეტიკური ცვლილება, რომელიც მოუტანს დაცულობას ყველა მოქალაქეს და ეს არის სხვადასხვა სფეროს პოლიტიზირების დასრულება, ბაგა-ბაღები იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფო სამსახურები. დაუშვებელია, რომ პოლიტიკა ერეოდეს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის მართლა ძალიან რადიკალური ცვლილებები, რომლებიც არის გამოძახილი იმ საჭიროებების, რომლებიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები