ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შიდაპარტიულ კვლევას აფასებს. მისი მოსაზრებით, შედეგები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პარტია ოქტომბრის არჩევნებში შეძლებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის, 50%-ზე მეტის მიღებას.
"ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არ ვაქვეყნებდით შიდა კვლევის შედეგებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა, ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, მოთხოვნა იყო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, გამოგვექვეყნებინა შიდა კვლევის შედეგები. სრულად ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ატარებს ამ კვლევას. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ჩვენ მათთან და იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ცნობილი სოციოლოგიური ორგანიზაცია არ დებდა სანდო კვლევის შედეგებს, ყოველთვის გვაძლევდა ჩვენი ორგანიზაცია არჩევნების შედეგის პროგნოზირების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სწორედ ნდობა ჩვენს სოციოლოგიურ კვლევით ორგანიზაციასთან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, კვლევის შედეგები რეალურია და სრულად ასახავს სინამდვილეს.
"ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შიდა კვლევის თანახმად, ქართულ ოცნებას 35%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 13%.





