საქართველომ ბერნში ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. EFTA–ს შემადგენლობაში შედიან ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება EFTA–სთან მას შემდეგ შევა ძალაში, რაც დასრულდება ყველა საჭირო შიდა პროცედურა მხარეების მიერ მისი რატიფიკაციისთვის.
EFTA–ის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, მათ შორისაა საქონლით ვაჭრობა – სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო საქონლით, თევზით და სხვა ზღვის პროდუქტებით, ასევე მომსახურებით ვაჭრობა; ინვესტიციები, კონკურენცია; ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა. საქართველოს და EFTA–ს ერთობლივი კომიტეტი შეთანხმების განხორციელებას გააკონტროლებს.





