FBI-მ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიას, ორლანდოში, გეიკლუბზე თავდასხმის ავტორის ომარ მატინის ცოლის თანამონაწილეობის საკითხის გამოსაძიებლად მიმართა.
გამომძიებლებს ეჭვი აქვთ, რომ თავდამსხმელის ცოლს, ნოორ სალმანს ჰქონდა ინფორმაცია დაგეგმილი თავდასხმის შესახებ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები წინასწარ არ გააფრთხილა.
Fox News-ის ცნობით, შესაძლოა, თავდამსხმელმა ცოლს გეიკლუბიდან იმ დროს დაურეკა, როცა ადამიანებს კლავდა. გარდა ამისა, Fox News-ის წყაროს ცნობით, ნოორ სალმანმა ასევე იცოდა თავდასხმამდე მატინის მიერ იარაღის შეძენის შესახებ.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნივთმტკიცებად ამოიღო თავდამსხმელის მობილური ტელეფონები და ამჟამად მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქალაქე, ეთნიკურად ავღანელი ომარ მატინი 12 ივნისს ორლანდოში მდებარე გეიკლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 49, დაშავდა 53 ადამიანი. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ცნობილია ისიც, რომ მატინმა ცეცხლის გახსნამდე 911-ში დარეკა, სადაც მან ე.წ. ისლამური სახელმწიფოსადმი ერთგულებაც ახსენა.





