ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ივანიშვილი: საქართველოში მედია ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა

რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობაც ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავისუფლება მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა ციხე იწვნია, ხოლო დანარჩენები იგივეს ელოდნენ, ცხოვრება მშვენიერი იყო. საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, რომელსაც არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ თავისუფალი გარემოს შექმნაში, თავად მედიის უფლებებს არავინ შეეხება. ადრე მედია ამბობდა მხოლოდ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. ნაციონალების ესოდენ ნაქები პიარი, სინამდვილეში იმით გამოიხატებოდა, რომ ყველა არხზე მხოლოდ სააკაშვილი იჯდა დილიდან საღამომდე და ხან სახურავებიდან გვესაუბრებოდა და ხან მღვიმეებიდან. ყველა სხვა ინფორმაცია დახშული იყო. დღეს მედია გახსნილია, ადამიანებმა თავად უნდა გამოიტანონ დასკვნები, რასაც სათანადო გამოცდილება სჭირდება და რაც ჯერ აკლია ჩვენს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პროპაგანდას და ცილისწამებას ჩვენ ძალადობით და აკრძალვით კი არ ვუპასუხებთ, არამედ - ანალიზით და მოვლენებისათვის სახელის დარქმევით. როდესაც მედია სრულიად თავისუფალია, საზოგადოებასაც და მთავრობასაც აქვთ უფლება, რომ გააკრიტიკონ იგი და ამხილონ კიდეც, თუკი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეამჩნევენ.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები