საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარის" მებაჟე ოფიცერი პაატა ირემაძე. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.
"გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, დიდი რაოდენობით ვეტერინარული მედიკამენტების ფარულად, უკანონოდ შემოტანაში დახმარების და მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა",- წერია ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.





