საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში ცვლილებები შევა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გუშინ პირველი მოსმენით 80 ხმით მიიღეს. შესაბამისი ცვლილებების წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები წავიდნენ.
როგორც ტაბულასთან საუბარში ეკა ბესელია განმარტავს, ცვლილება, მათ შორის, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის კომპონენტს ეხება. კერძოდ, ის არა საკანონმდებლო მაცნეში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება. თუმცა, მანამდე რამდენიმე პროცედურაა - გადაწყვეტილება უნდა დაიწეროს, ყველა მოსამართლემ ხელი მოაწეროს, მოსამართლის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთოს, მხარეებს ჩაბარდეს და მხოლოდ ამის შემდგომ აიტვირთოს ვებგვერდზე.
"ჩვენ გვაქვს მზაობა და გვაქვს კომპრომისული შეთავაზება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც ყველა მოსამართლე მოაწერს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოსამართლე გაეცნო ტექსტს, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება, დაწერს და განსხვავებული აზრი დაერთვება გადაწყვეტილებას, მაგრამ გადაწყვეტილება უცილობლივ უნდა გამოცხადდეს დარბაზში სრულად, მხარეებს ჩაბარდეს წერილობით დაწერილი ტექსტი, ამის შემდგომ აიტვირთოს ის ვებგვერდზე. პირველი ვერსია იყო საკანონმდებლო მაცნე, თუმცა, კომპრომისულ ვერსიად ახლა მუშავდება შეთანხმება, ამ ყველა პროცედურის დაცვით, შეიძლება, სასამართლოს ვებგვერდზეც იყოს ატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ იქნება ძალაში შესული", - ამბობს ბესელია.
ასევე, ეკა ბესელიას თქმით, თუ კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 თვე აქვს დარჩენილი, ეკრძალება ახალი საქმის მიღება, ცვლილებით შესაძლოა, მოკლე ვადაში განსახილველ საქმეზე გამონაკლისი დაიშვას.
"ხელოვნურად რომ არ მოხდეს ამ მოსამართლეების მხრიდან ვადის გაჭიანურება, არის დათქმა, რომ ბოლო 3 თვეში არ დაეწეროს სხვა საქმე ამ მოსამართლეს. თუმცა, აქ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს და იურიდიული კომიტეტის კომპრომისული შემოთავაზება, დაიშვას რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც არის მცირევადიანი. ამ საკითხზე კომპრომისული მოლაპარაკება მიმდინარეობს და მეორე მოსმენის დროს ჩამოყალიბდება რედაქცია, რომელსაც ეყრება კენჭი", - თქვა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა ფრაქციებმა და ეროვნულმა ფორუმმა, არამედ პარტია გირჩის ორმა წევრმა - პავლე კუბლაშვილმა და გოგა ხაჩიძემ, დანარჩენმა ორმა ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ კი არ დაუჭირეს. როგორც ტაბულასთან საუბარში პავლე კუბლაშვილი ამბობს, მხარდაჭერის მიზეზი მისი შენიშვნების გაზიარებაა.
"სამი ძირითადი შენიშვნა მქონდა: ერთი უკავშირდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას და კანონპროექტში ეწერა, რომ გადაწყვეტილება ძალაში უნდა შევიდეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ. ვამბობდი, რომ ეს არ უნდა შესულიყო კანონში. ჩემი შენიშვნა გაითვალისწინეს. მეორე ეხებოდა ისეთ დავებს, რომლის განხილვის ვადაც არის 3 თვეზე ნაკლები და მიმაჩნდა, რომ თუ შეუჩერებდნენ ბოლო 3 თვის განმავლობაში ახალი საქმეების მიღების შესაძლებლობას, ეს საქმეები მაინც უნდა დაწეროდათ ამ მოსამართლეებს და უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ განეხილათ. ესეც იყო გაზიარებული. რჩება კიდევ ერთი საკითხი, რაც უკავშირდება კოლეგიის და პლენუმის ურთიერთმიმართებას, ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვინაიდან, ჩემი სამი შენიშვნიდან ორი იყო გაზიარებული, ჩავთვალე, რომ მხარი უნდა დამეჭირა ამ კანონპროექტისთვის. პლენუმის საკითხზე აუცილებლად გავაგრძელებ დავას მეორე მოსმენაზე", - ამბობს კუბლაშვილი.
კუბლაშვილი "გირჩის" ორი წევრის ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი მელაძის მიერ მხარის არდაჭერაზეც საუბრობს. "ისინი არ იყვნენ ჩართული განხილვაში. ეს იყო შენიშვნები, რომლებიც მე დავაფიქსირე იურიდიულ კომიტეტზე, მქონდა ჩემი პოზიცია. არანაირი ვალდებულება, ფრაქციულად ან ჯგუფურად დაგვეჭირა მხარი, არ გვქონია", - განმარტავს პავლე კუბლაშვილი.
თუმცა, როგორც დღეს გაირკვა, კანონპროექტის პირველ და ახალ ვარიანტს შორის არსებითი ცვლილება, სავარაუდოდ, არ იქნება. თუ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში გადაწყვეტილება ამოქმედდებოდა 15 დღეში, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ, ყველა მოსამართლის ხელმოწერითა და განსხვავებული აზრის დართვით, შემოთავაზებული ახალი ვარიანტით მხოლოდ ის იცვლება, რომ ყველა მოსამართლის ხელმოწერისა და განსხვავებული აზრის დანართის მქონე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება და, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არც დღეების კონკრეტული რაოდენობა იქნება დადგენილი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადების მომენტიდან შედის. მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი 3 თვის მანძილზე ახალი საქმეების მიღების საკითხი კი, ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია.
კანონპროექტის პირველადი ვარიანტის განხილვისას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გაჭიანურებას აკრიტიკებდა კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის". კოალიცია თვლიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მისი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მომენტიდან, საფრთხეს შეუქმნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებას ისევე, როგორც გამოიწვევს ადამიანის უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას.
კოალიცია ამ ცვლილების ინიცირებას გიგი უგულავას საქმეს უკავშირებდა, როდესაც მოსამართლე მერაბ ტურავა უარს აცხადებდა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე. მაშინ, სასამართლოს დანარჩენი 8 მოსამართლის ხელმოწერით, გადაწყვეტილება სასამართლოს სხდომის დარბაზში გამოცხადებისთანავე ძალაში შევიდა, რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
კოალიცია ასევე მიიჩნევდა, რომ "თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აეკრძალება ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ შემთხევაში, შეიზღუდება მოსამართლის უფლებამოსილების კონსტიტუციით გათვალისწინებული 10-წლიანი ვადა, რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, სასამართლო საკუთარ უფლებამოსილებებს კონკრეტულ კომპეტენციებთან მიმართებით ვერ განახორციელებს".
აღნიშნულ კანონპროექტს აკრიტიკებენ კიდევ ერთი პუნქტის გამო, რომლის მიხედვითაც სადავო ნორმის შეჩერება შეეძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ანუ სრულ შემადგენლობას. კოალიცია თვლის, რომ ეს შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ართულებდეს სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას. მოქმედი კანონმდებლობით, ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიასაც აქვს, რომელშიც 4 მოსამართლეა.
ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება.





