პრეზიდენტი: 8 აგვისტოს დასახელება ბიუჯეტის ხარჯებს უკავშირდება

გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება, 2015
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის ნაადრევად დასახელების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს.

"8 ოქტომბრის დასახელება ასე ადრე არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ, როდის არის არჩევნების დღე. 8 აგვისტოს დასახელება კი გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე და ამის შესაძლებლობა რთულია ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტისთვის, აქედან ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო", - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს გუშინ გადაეგზავნა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.

კომენტარები