ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წერილი გადასცეს. მათი განცხადებით, წერილში საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე, ამ პროცესში ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერაზე. ჯოზეფ დოლის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მასზე ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციაზე, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, მედიათავისუფლებაზე, ფარულ მოსმენებსა და საპარლამენტო არჩევნებზე.
"ვისაუბრეთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, არ უნდა მიეცეს საშუალება ხელისუფლებას, როგორც ეს გააკეთა რუსთავი 2-ის ან კიდევ სხვა შემთხვევებში, რომ შეაფერხოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რადგან ეს არის ქართული საზოგადოების მრავალწლიანი შრომის ძალიან დამსახურებული მოლოდინი და არცერთი წუთით არ უნდა დაგვიანდეს ეს პროცესი", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
"მედიის პლურალიზმზე საუბრისას პირველ რიგში იყო რუსთავი 2-ის საკითხი და აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა არ მოხსნილა და სწორედ ადგილობრივი არასამთავროების და საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგი იყო ის, რომ სამართლებრივი პროცესი შეჩერდა. თუმცა, რუსთავი 2-ის პრობლემა კვლავ რჩება დღის წესრიგში და მისი არსებობა სწორედ პლურალისტური გარემოსთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა.
ჯოზეფ დოლი დღეს უკვე შეხვდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი ახლა რუსთავი ორში იმყოფება.





