ბლოგი

ლაშა

ლაშას გაზეთმა მორიგი პასკვილი გამოაქვეყნა ჩემზე.

ასავალ-დასავალი ხომ გაგიგონიათ? უმეტესობა იტყვის, რომ კიო. ლაშა ნადარეიშვილს თუ იცნობს ვინმე? ალბათ არა.

ლაშა ამ შავრაზმული გაზეთის წითელრაზმელი რედაქტორია. რატომ წითელრაზმელი? მიმიხვდით, რომ მეტაფორაა.

ლაშა ახალგაზრდობაში საბჭოთა სუკის აგენტი იყო!

უნივერსიტეტში ერთ დროს ვსწავლობდით. მანამდე ერთად ვიყავით მოსამზადებელ კურსებზე. ის ფილოლოგი და დამწყები პოეტი, მე ფილოსოფოსობაზე მეოცნებე, რომელიც შემდეგ ეკონომისტი გახდა. არ ვნანობ! ეკონომისტობას!

ლაშაზე ცოტათი უფროსი ვიყავი. ჭკუის დამრიგებელი. ჩემი მეგობარი გოგონა უყვარდა. მეუბნებოდა, მასწავლე, როგორ უნდა შემიყვაროსო. მეც არ ვიშურებდი რჩევებს. რადგან უფროსი ვიყავი, ესე იგი, უფრო გამოცდილი. მიკითხავდა მასზე დაწერილ ლექსებს. ცოტას წაუტირებდა ხოლმე. შარშან ვკითხე ფეისბუკით ანა-მარიას (ფსევდონიმია), იმ პოეტს რომ უყვარდი, რატომ უარყავი მეთქი. წესიერად არც კი გამომტყდომია. დამპატიჟებდა ყვავილების საკრეფად თბილისის შემოგარენში და ლექსებს მიკითხავდაო.

არ დამიჯერა ესე იგი. დაარღვია თანმიმდევრობა. ლექსები, ყვავილებზე გასეირნება, ეს მოგვიანებით უნდა ყოფილიყო. მანამდე ბევრი სხვა თავისი კოზირები უნდა გამოეყენებინა. თუნდაც ის, რომ თავისებურად მომხიბვლელი იყო. ლამაზი თვალები ჰქონდა. რაღაცნაირად ხბოს ჰგავდა.

იცოდა, რომ ძველი ურთიერთობების ხათრით არასდროს ვიტყოდი იმას, რაც ვიცოდი. ასეც ვიქცეოდი მთელი ოცდახუთი წელიწადი. ასე ვიყავი ამ გაზეთის ლანძღვის ობიექტი მთელი ოცდახუთი წელიწადი. როცა სადმე გადამეყრებოდა შემთხვევით, ვეუბნებოდი ნახევრადხუმრობით, რომ გამოგიქვეყნო-მეთქი? ეს ბოლო შემთხვევაა. მეტს არ ვიზამ, უჩემოდ ხდება ყველაფერიო.

თავისებური შანტაჟი გამოდიოდა ამის შეხსენებაც. სჯეროდა, რომ მას ჰქონდა ცილისწამების თუ ლანძღვის უფლება, მე კი ერთგული დავრჩებოდი ახალგაზრდული მოგონებების. მართალიც აღმოჩნდა. სანახევროდ. მხოლოდ გადაკვრით ვამბობ ახლაც. უდოკუმენტოდ. არ მახსოვს, მგონი გადავუღე ასლი მის "დანოსს" და ვაჩუქე.

სწორად მიმიხვდით. მეც დამაბეზღა. როცა პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვიყავი, იმ დროს ქვეყანა არეული იყო და ვინ იცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას. მომიტანეს გულის მოსაგებად თუ ერთგულების დასამტკიცებლად ლაშას ხელით დაწერილი ცილისმწამებლური დოკუმენტი. ორიგინალი. როცა ვაჩვენე, ეს რა გიქნია ბიჭო-მეთქი, ცრემლმორეულმა მიპასუხა-ასე მითხრეს, თუ არ დაწერ ბომბებს შემოგიყრით ეზოშიო.

ბომბებს კი არა, სხვას, საბუთებს გამოუყრიდნენ.

რატომ ვყვები ამას ახლა და არა მანამდე? არ ვიცი. ის, რომ ეს გაზეთი ფაშისტურია და სხვა ქვეყნის სამსახურში იმყოფება, ახალი ამბავი არ არის. იქნებ დრო ახუნებს ძველ მოგონებებს? არა მგონია. რაღაცნაირი კეთილი განწყობა დღემდე შემომრჩა მისადმი.

ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული: ყველას აქვს უფლება გამოაქვეყნოს ის, რაც მას უნდა, თუნდაც იგი აბსურდამდე მისული ცილიწამება ან უკიდურესი შეურაცხყოფა იყოს. ეს არის ცივილიზაციის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია. არ მოგწონს- უჩივლე. ყველა პასუხს აგებს თავის საქციელზე, ყველა რისკავს არსებული სამართლებრივი გარემოს ფარგლებში. ჩვენთან სასამართლო არ არსებობს. ამიტომაც გასდის რასაც აკეთებს. ეს ჩვენი ბრალია, საზოგადოების, რომელმაც ვერ ვაიძულეთ ხელისუფლება, უფრო ზუსტად, ვერ შევქმენით ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაიცავდა სიტყვის თავისუფლებასაც და პიროვნების ღირსებასაც.

როგორც იტყვიან, გასაკეთებელი კიდევ ბევრია!

მანამდე კი იქნება ეს გაზეთი რუსეთის სუკის სამსახურში.

ასეთ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ერთია-ნუ წაიკითხავთ. დაზოგეთ მასში გადასახდელი ფული. თვეში ოთხი ცალი შოკოლადი მოგივათ!

კომენტარები