საქართველო ნაწილობრივ დაგროვებით საპენსიო მოდელზე უნდა გადავიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2017 წლის მესამე კვარტლიდან უნდა დაიწყოს დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, უკვე არსებული პენსიონერებისთვის კი პენსიის საბაზისო დონე დადგინდება და ის ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება.
საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ავტორის ოთარ ძიძიკაშვილის თქმით, რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაში მდგომარეობს. ყველა დასაქმებულ მოქალაქეს შეეძლება, საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად, ხელფასის 2% დაზოგოს, ამ შემთხვევაში მთავრობა და ამ პირის დამსაქმებლები ვალდებულები იქნებიან, დასაქმებულის მიერ დაზოგილ 2%-ს დაუმატონ კიდევ ორ-ორი პროცენტი. პროექტის მიხდვით, მოქალაქეთა დაზოგილ თანხას საპენსიო ფონდები საინვესტიციო პროექტებში დააბანდებენ და მიღებული მოგებით პენსიებს გაისტუმრებენ. კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ დაზოგვის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდის მანძილზე საპენსიო ფონდი გაკოტრდეს და მოქალაქეებს პენსიები დაეკარგოთ, ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ დაზოგილ თანხას სპეციალური რეგულატორი გაუწევს მონიტორინგს.
ახალ საპენსიო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, ახალი სისტემა პენსიების შეუქცევად ზრდას მოიტანს.საპარლამენტო უმცირესობაში კი ფიქრობენ, რომ რეფორმის მოდელი ბუნდოვანია და მას დღეისთვის მოსახლეობისთვის სიღარიბის აღმოფხვრის პროექტის ნაცვლად წინასაარჩევნო დაპირების სახე უფრო აქვს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის დროს მაღალი ინფლაცია მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. მაღალი ინფლაციის პირობებში წლების მანძილზე მოსახლეობის მიერ დაზოგილი თანხები მოულოდნელად შესაძლოა სრულფასოვანი სიბერის უზრუნველყოფისთვის არასაკმარისი აღმოჩნდეს და რეფორმამ ის მიზანი ვერ შეასრულოს, რისთვისაც შეიქმნა.
საპენციო რეფორმა
მთავრობა საქართველოში დაგროვებითი პენსიის დანერგვას გეგმავს





