საქართველო-რუსეთი

პრეზიდენტი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საგანგაშოა მთელი რეგიონისათვის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე დისკუსიაში - მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს - მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმის მონაწილეებმა რეგიონში არსებული გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთის და აღმოსავლეთის ურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ იმსჯელეს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ "რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საგანგაშო სიგნალია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის". მისი თქმით, "საქართველო რუსეთის ასეთ საქციელს აღიქვამს, როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის სურვილს, რომლის მსხვერპლიც გახდა საქართველო".

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ამ რთულ ვითარებაში და ამ რთულ რეგიონში საქართველო ცდილობს მოკავშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებას. საქართველო ყველა მეზობელთან და პარტნიორთან ცდილობს ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც სტაბილურობით არიან დაინტერესებულნი. ვცდილობთ რეგიონში მშვიდობიან თანაარსებობას. მეორე მხრივ, რეგიონში ხორციელდება მსხვილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად, ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ქმნის შესაძლებლობას, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს".

კომენტარები