პრემიერმინისტრისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრება.
"საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით, თინათინ ხიდაშელს და რესპუბლიკური პარტიის წევრებს შეხვდება. შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება", - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების, რესპუბლიკელებისა და მრეწველების ბოლოდროინდელ დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა. მან მოუწოდა ყველას, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერმინისტრის თქმით, კოალიციაში ცვლილებები იქნება.





