მთავრობა ახალ პროგრამას "უმასპინძლე საქართველოში" იწყებს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა.
"პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას, რომელიც მართლაცდა ძალიან სასიხარულოა. პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსდებას", - თქვა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს იქნება როგორც ახალი სასტუმროები, ასევე არსებული სასტუმროების გაფართოების და გაუმჯობესების კომპონენტი.
კვირიკაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში მსურველები "ფრანჩაიზის" ხელშეკრულებას გააფორმებენ საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო ამ ხელშეკრულებების თანადაფინანსებასაც მოახდენს.





