ქრთამის აღება

თბილსერვის ჯგუფი თანამშრომლებს: ბოროტად ნუ გამოიყენებთ კომპანიის სახელს

შპს თბილსერვის ჯგუფი მოუწოდებს თანამშრომლებს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას და კომპანიის სახელს. თბილსერვის ჯგუფი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება. თბილსერვის ჯგუფი აცხადებს, რომ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"მოვუწოდებთ შპს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებს, ნუ შელახავენ კეთილსინდისიერად მომუშავე თანამშრომელთა ღირსებასა და პატივს.
თბილსერვის ჯგუფის ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს კანონის წინაშე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს", - აღნიშნავს კომპანია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი მიხეილ მეთაფლიშვილი დღეს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა თბილსერვის ჯგუფში დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.  

საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები