საპოლიციო გამოსახლება

საპოლიციო გამოსახლების გაუქმების გამო გირავნობა და ქირავნობა სარისკო გახდება

George Gogua / flickr.com

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გირავნობა და ქირავნობა სარისკო გახდება, ასევე გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე. ამის მიზეზი საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაა, რომლის შედეგადაც კერძო საკუთრების მფლობელებს იმისთვის, რომ მათ საკუთრებაში მცხოვრები პირების გამოსახლება მოითხოვონ სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდებათ. კანონს ბანკების ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"აქ არ არის საუბარი მხოლოდ საბანკო ურთიერთობებზე ან საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე. აქ არის საუბარი სამოქალაქო ურთიერთობაზე, მაგალითად, ქირავნობა, გირავნობა ასევე პრობლემა იქნება. არგამოსვლის შემთხვევაში საკუთრებიდან მთელი ტვირთი გადადის მესაკუთრეზე და სასამართლო ხარჯებიც სწორედ მასზეა. აქ არავის მდგომარეობა არ უმჯობესდება. სტატისტიკურად, თითქმის 100%-ით მაინც წაგებული არის მეორე მხარე და არა მესაკუთრე", - ამბობს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. 
 
ბანკები მათ ხელთ არსებული იურიდიული და ფინანსური რესურსების გამო ამ კანონის მოქმედებით ნაკლებად წაგებულები დარჩებიან. უფრო მეტად კი რისკების წინაშე ის ფიზიკური პირები აღმოჩდებიან, რომლებიც ბინებს აქირავებენ ან აგირავებენ, რადგანაც მათ ახლა კერძო საკუთრებიდან პირების გამოსახლებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდებათ, რაც გამოსახლების პროცესს დროში გაწელავს და მესაკუთრეებს ხარჯებს გაუზრდის. 
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 17%-ია. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების განაკვეთი კი 10.4%-ია. უცნობია თუ როგორ შეაფასებენ ბანკები საპოლიცოლ გამოსახლების რისკებს და როგორ მოახდენენ საპროცენტო განაკვეთების კორექტირებას. 

კომენტარები