ტერორიზმი

სასამართლომ დავით ბორჩაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

დავით ბორჩაშვილი

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი 13 იანვრამდე პატიმრობაში დარჩება. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბორჩაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებული მკურნალობს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი 21 ნოემბერს დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას, ანდა მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დავით ბორჩაშვილის ადვოკატების თქმით, საქმეში მხოლოდ გავრცელებული ვიდეოები დევს და დაკავებული აღიარებს, რომ ამ ვიდეოებზე ის ნამდვილად არის, თუმცა არა "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან ერთად. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ვიდეო თურქეთის საზღვართანაა გადაღებული, იმ დროს, როდესაც "ისლამური სახელმწიფო" საერთოდ არ იყო აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში დაბრუნებისას ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან გამოუშვეს, რის შემდეგაც ის საქართველოში დააკავეს.

კომენტარები