Gazprom-ის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა

ტაბულა

მთაწმინდის პარკის გზაზე, თბილისის მონუმენტთან, Gazprom-ის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. მოქალაქეები გაზპრომის საქართველოში დაბრუნებას ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებდნენ. მათ აქციაზე გაუშვეს ფრანები გაზპრომის და ივანიშვილის გამოსახულებით.

"ხელისუფლება წლის ბოლომდე აპირებს, ხელი მოაწეროს გაზპრომთან კონტრაქტს, საქართველოს გაზმომარაგების თაობაზე. ეკონომიკური ახსნა ამ საკითხს არა აქვს. რუსული გაზი არის ძვირი, რუსული გაზი არის არასტაბილური, გაზპრომი არის პუტინის შანტაჟის იარაღი,“ - აცხადებს ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

"იმ პროტესტის მიუხედავად, რომელიც მიმდინარეობს, უტიფრად აცხადებენ, რომ მაინც მოეწერება კონტრაქტს ხელი დეკემბერში. გადაიმტერეს აზერბაიჯანი, ჩვენი მნიშვნელოვანესი პარტნიორი და შესაბამისად, ჩვენ სხვადასხვა ფორმით და მუდმივად გავაგრძელებთ ამ თემის გაპროტესტებას და არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ხელმოწერა შედგეს" - ამბობს Grass-ის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

გაზპრომთან კონტრაქტის ხელმოწერის თარიღი მალე გახდება ცნობილი. ტაბულას კითხვაზე, "ხომ არ არის ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის დასრულდება GAZPROM-თან მოლაპარაკებები", ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ირაკლი გაფრინდაშვილი პასუხობს, რომ კონკრეტულად არ იცის, თუმცა, "უახლოეს მომავალში იქნება". ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მინისტრ კახა კალაძის განცხადება დეკემბრამდე GAZPROM-თან მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, ძალაშია. ენერგეტიკის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ GAZPROM-თან მომდევნო შეხვედრის თარიღი როცა ჩაინიშნება, ამის შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი.

"ეცნობება მედიას და საზოგადოებას. წინა შეხვედრების მსგავსად, ესეც არ იქნება დახურული და გავრცელდება წინასწარ ინფორმაცია. თარიღი ჯერ არ არის დაკონკრეტებული. რაც შეეხება მოცულობას, ეს არის იმაზე დამოკიდებული თუ ტრანზიტიდან, რომელსაც აწვდის რუსეთი სომხეთს, იქიდან ჩვენ რა დაგვრჩება მომავალ წელს, ანუ რა რაოდენობის მიღებას აპირებს ამ ტრანზიტით სომხეთი და შემდეგ უკვე იქნება საუბარი დამატებით მოცულობებზე, ჯერ ეს ტრანზიტის თემა არის პირველ ეტაპზე", - უთხრა ტაბულას ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ელენე კერესელიძემ.

20 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ Gazprom-თან მოლაპარაკებები დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა და რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას.

კომენტარები