2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $8.1 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი $1.8 მილიარდი იყო (24%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი $6.23 მლნ აშშ დოლარი (10%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში $4.4 მილიარდი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა.
იმპორტის შემცირებას უარყოფითთან ერთად დადებითი ეფექტიც აქვს, რადგანაც იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტის დასაფინანსებლად უცხოეთში უფრო ნაკლები თანხა გაედინება.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $4.4 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $4.4 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია. ეროვნული ბანკის მონეტარულო პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ეს უარყოფითი ფაქტორები ლარის კურსში უკვე ასახულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვან რყევას არ ელოდება.
საქსტატის მონაცემები წინასწარია, ოქტომბრის თვის საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მონაცემები 24 ნოემბერს გამოქვეყნდება.





