თერჯოლაში, ადიდებულმა მდინარე ჩხარმა ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის გამგებლის თემურ ჯაფარიძის თქმით, ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთო.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპარტულო პოლიციის უშუალო ზეამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებს გზების დეპარტამენტი.
გარდა ამისა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ზვიად ჯაფარიძის თქმით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია. მისივე თქმით, გუშინ საღამოს გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა შვიდი ავტომობილი გამოიყვანეს.