რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 11 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარლამენტმა სამი შუამდგომლობა დააყენა: მოსამართლეების აცილება, საქმის პლენუმის მიერ განხილვა და პროცესში სამართლის სპეციალისტის ჩართვა. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეების აცილების თაობაზე სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი. 

"სამსახურეობრივი კავშირები თავისთავად ვერ გახდება აცილების საფუძველი, ვინაიდან უნდა განისაზღვროს რამდენიად არის პროფესიული კავშირების არსებობა ეჭვის შექმნის საფუძველი," - აღნიშნა მოსამართლემ.

რაც შეეხება მოსამართლეთა კოლეგიის ნაცვლად საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ თქვა უარი.

ამის შემდეგ პარლამენტის იურისტებმა მოითხოვეს საქმის განხილვის პროცესში სამართლს სპეციალისტის, გია ლილუაშვილის ჩართვა და ამის გამო პროცესის კვირის ბოლომდე გადადება.საკონსტიტუციო სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

რაც შეეხება ტელეკომპანია საქართველოს სარჩელს, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას 12 ნოემბერს, 11:00 საათზე გააგრძელებს. ტელეკომპანია სასამართლოსგან იმ ნორმების გაუქმებას ითხოვს, რომელთა საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განჩინება გამოიტანა და რუსთავი 2-ს დროებითი მმართველები დაუნიშნა.

კომენტარები