რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ზე პარლამენტის შუამდგომლობის ავტორი საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა

რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებაზე საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობის ავტორი, თამარ მესხია 2010 წლის თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრამდე საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა.

თამარ მესხია, მათ შორის, კონსტანტინე ვარძელაშვილთან და მაია კოპალეიშვილთან ერთად მუშაობდა. ვარძელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2006 წლიდან დღემდეა, ხოლო კოპალეიშვილი 2009-დან.

თამარ მესხიამ მოამზადა შუამდგომლობა, რომელიც რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას ვარძელაშვილისა და კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ. როგორც შუამდგომლობის ტექსტში წერია, კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია და მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მინისტრობისას მისი მოადგილეები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მაია კოპალეიშვილი 2000-2005 წლებში საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად მუშაობდა USAID-ის პროექტებში, რომელსაც ჯერ AMEXI-INTERNATIONAL, შემდეგ კი IRIS ახორციელებდნენ. ნიკა გვარამიას მინისტრობისას კი კოპალეიშვილი გვარამიას თანამშრომელი ორი წლის მანძილზე, 2007-2009 წლებში იყო.

გამოდის, რომ კოპალეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად უფრო მეტხანს მუშაობდა.

კომენტარები