რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: ჩვენი ხედვა R2-ის მომავლის შესახებ, ხალვაშის ხედვას მთლიანად ემთხვევა

რუსთავი ორის ყოფილი მფლობელის დავით დვალის განცხადებით, მისი და ჯარჯი აქიმიძის ხედვა ტელეკომპანიის მომავლის შესახებ, მთლიანად ემთხვევა ქიბარ ხალვაშისას. მისი თქმით, სამპუნქტიანი შეთანხება ერთობლივად მიიღეს.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ქიბარს იმ წინადადებისთვის, რაც მივიღეთ. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაცხადებული, რომ მე და ჯარჯი ვიყავით ის, ვისაც თავის დროზე წაართვა სააკაშვილმა რუსთავი ორი. და იმ დღიდან არასდროს დაგვიკარგავს იმედი, რომ მას დავიბრუნებდით. 2012 წელს შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. რაც შეეხება სამპუნქტიან შეთანხმებას, ეს არ არის ჩვენი მოთხოვნები. პირველ რიგში, სანამ რაიმე წინადადებაზე დავილაპარაკებდით, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ წარმოუდგენია მას და როგორ ჩვენ - ტელევიზიის მომავალი. ეს არის ერთობლივი შეთანხმება, მთლიანად ემთხვევა ჩვენი ხედვა ტელევიზიის მომავლის, რაც მაძლევს იმედს, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი გაუგებრობები არ იქნება", - თქვა დვალმა.

მისი თქმით, სხვა სიტუაციაში შესაძლოა, დროებით მმართველობას არ დათანხმებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამო მიიღო.

"რაც შეეხება იმას, რომ დავთანხმდით დროებით მმართველობას, ალბათ სხვა დროს და სხვა პირობებში ვიტყოდი - ჯერ დაიბრუნე ტელევიზია, გვინდა, რომ წარმატებული იყოს და ჩვენ მერე გავაგრძელებთ. გადაწყვეტილება მიმაღებინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ინფორმაციამ, რომელიც გავიდა და დაგვანახა, რის წინაშე ვდგავართ და რასთან გვაქვს საქმე. მე რაც ვნახე, ყველა მხარემ დაადასტურა, რომ მათი საუბარია. ექსტრემისტთა ჯგუფი ცდილობს, თავის ფარად გამოიყენოს ტელევიზია, აიფაროს და მიუხედავად იმისა, რომ ამით მის რეპუტაციას, მის სახელს, იმიჯს ძალიან ძლიერ დარტყმას აყენებს, თავისი ინტერესების დასაცავად ამაზე წავიდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ შეჩერდეს ეს პროცესები. ამისთვის მზად ვარ. არ დავუშვებთ, რომ ტელევიზია ამ ქაოსს შეეწიროს და პრობლემები შეექმნას, ან რეიტინგის ვარდნა იყოს. რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია ჩემია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსთავი ორი იყოს დონეზე, უფრო ძლიერი იყოს", - თქვა დვალმა.

მისივე განცხადებით, "შესაძლოა, მთავრობაში ვინმეს გაუხარდა ეს გადაწყვეტილება", მაგრამ "მივმართავ ყველას, არავის თავში არ მოუვიდეს, არ გაბედოს და ერთი ზარი მაინც გააკეთოს. გარანტი ვიქნებით და დავდგებით კედლად, რომ რუსთავი ორი დაუბრუნდეს თავისუფალ ჟურნალისტიკას".

კომენტარები