იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანის ბრიფინგი 13:00 საათზე იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის ბრიფინგიც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხება, რომელიც გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 13:00-ზე, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაკითხვაზე დაიბარა გიგა ბოკერია. ამ თემაზე, 12:00-ზე, საგანგებო განცხადებას აკეთებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აგრძელებს. გამოძიება სუს-მა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე 24 ოქტომბერს დაიწყო. სსკ-ის 315-ე მუხლი ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
"როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. ასევე მოხდება ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა საჭირო პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით", - თქვა დღევანდელ ბრიფინგზე ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დახმარების მიღების მიზნით უკრაინის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.





