სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიის ყველა მოთამაშე ცდილობს მოძებნოს გზები უფრო მეტი საერთაშორისო პაციენტის მოსაზიდად. როგორც ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიისთვის, ბრენდის შექმნა წარმოადგენს ინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბების გასაღებს. არცთუ ისე ახალი, მაგრამ განსაკუთრებული კონცეფციაა „თავისუფალი ჯანდაცვის ზონები“, რომელიც დღეს სამედიცინო ტურიზმის პროფესიონალებისთვის ყველაზე საყვარელი და გავრცელებული თემაა. თავისუფალი ჯანდაცვის ზონის განვითარება ერთ-ერთი გზაა რეგიონისა თუ ქვეყნის სამედიცინო დესტინაციად ქცევისათვის. ამგვარ ზონებს უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ წარმატების მისაღწევად, მაგრამ დეველოპერები აუცილებლად უნდა დარწმუნდნენ ჯანდაცვის მდგრადი მოდელის არსებობაში. „მოდით ავაშენოთ კლინიკები და პაციენტები თავისით მოვლენ“ - არის პრინციპი, რომლისგანაც სამედიცინო ტურიზმის დეველოპერებმა შორს უნდა დაიჭირონ თავი. ასე შექმნილი, არათუ თავისუფალი ჯანდაცვის ზონები, არამედ ლოკალური მულტიპროფილური საავადმყოფოებიც კი (რომლებიც საქართველოში მრავლად გვინახავს), ბიზნეს კრახისთვის არიან განწირული.
საზოგადოებას მრავლად სმენია თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ. ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ზონები შეიძლება იყოს განკუთვნილი ჯანდაცვისთვისაც. თავისუფალი ჯანდაცვის ზონის განვითარება საინტერესო ხდება მათთვის, ვისაც სურს მოემსახუროს მეტ სამედიცინო ტურისტს. ასეთი ტიპის ზონებში სამედიცინო დაწესებულებები ან საერთოდ არ იბეგრებიან, ან ძალიან მცირე ფიქსირებულ გადასახადებს იხდიან. ეს ბუნებრივად იწვევს ეკონომიკური აქტივობის წახალისებას. მათ შესაძლებლობა ეძლევათ შესთავაზონ მომხმარებლებს დაბალი ოპერატიული ფასები - ეს კი, თავის მხრივ იზიდავს სამედიცინო ტურისტებსა და ინვესტორებს. დამატებითი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავისუფალი ჯანდაცვის ზონების დეველოპერებისათვის აპარატურისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დაუბეგრავი იმპორტია.
გარდა გადასახადების ტვირთის შემსუბუქებისა, თავისუფალი ჯანდაცვის ზონები ბევრ სხვა სარგებელს ჰპირდებიან პაციენტებსა და ინვესტორებს:
1. ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების ზრდა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაში
2. მსოფლიო კლასის ჰოსპიტალების სამედიცინო კლასტერების, სამედიცინო მეცნიერებისა და კვლევების ცენტრების, სამედიცინო განათლების სკოლების ჩამოყალიბება
3. საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვა ჯანდაცვის სფეროში
4. მეტი ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო პაციენტის მომსახურება
ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითია თურქეთის რესპუბლიკა, სადაც მრავალი წელია აქტიურად ხორციელდება ინვესტიციები სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით. თავისუფალი ჯანდაცვის ზონები იგეგმება როგორც სტამბულში, ასევე იზმირში, ანტალიასა და დიარბაკირში. მთავრობა ცდილობს დაიცვას რეგიონალური განვითარების ბალანსი.
პირველი თავისუფალი ჯანდაცვის ზონა განხორციელდა დუბაიში (Dubai Healthcare City (DHCC)). ამ გამოცდილებასა და დაშვებულ შეცდომებს ამჟამად იყენებენ თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. პირდაპირი კოპირება არ ხდება, მიმდინარეობს ადგილობრივი და რეგიონალური სპეციფიკისა და თავისებურებების შესწავლა. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ძალიან ხშირად თავისუფალი ჯანდაცვის ზონები შენდება საგზაო რუქის გარეშე. ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოსამზადებელ პერიოდს და ელიან, რომ აშენებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა ავტომატურად მოიყვანს ბიზნესს. ასევე, გავრცელებული შეცდომაა აქცენტის გაკეთება უფრო არქიტექტურულ მხარეზე, ვიდრე სამედიცინო ნიუანსებზე.
მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ჯანდაცვის ზონების მშენებლობისას გათვალისწინებული იქნას მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილება. პროცესში უნდა იყოს ჩართული სამედიცინო ტურიზმის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტებისაგან შექმნილი გუნდი.





