NDI-ის კვლევა

მინაშვილი გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე: ეს არის მოწოდება მოსახლეობის მხრიდან

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკო მინაშვილის შეფასებით, NDI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს საქართველოს მოქალაქეების ნდობა და მანდატი. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა კრიზისში შეიყვანა.

"ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ კვლევამ ასევე დაადასტურა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც გააჩნია კონკრეტული გეგმა და ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს ამ გეგმის განხორციელებას" - აღნიშნა მინაშვილმა.

რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, ვისაც არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომელ პარტიას მისცემენ ხმას, მინაშვილის თქმით, "ეს არის მოწოდება საზოგადოების მხრიდან, რომ პარტიებმა, ამ შემთხვევაში ამას აპირებს ნაციონალური მოძრაობა, უფრო მჭიდრო, უფრო აქტიური ურთიერთობა უნდა გააგრძელოს მოსახლეობასთან და კიდევ უფრო ფართოდ მიაწოდოს ინფორმაცია იმ ხედვაზე და იმ კონკრეტულ მიმართულებაზე, რაც გააჩნია ამ შემთხვევაში ჩვენს პარტიას, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ ძალიან მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან".

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 15%, ვინც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა, 14% კოალიცია ქართულ ოცნებას. 5% კი, მხარს თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა. ასევე 5% აპირებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსისთვის მხარდაჭერას, 4% - ლეიბორისტული პარტიისთვის, 3% - ნინო ბურჯანაძის პარტიისთვის, 2% - სხვა. ამასთან, გამოკითხულთა 31%-მა არ იცის, ხმას რომელ პარტიას მისცემდა. 11% პასუხზე უარს ამბობს. ხოლო 10% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს. NDI-ის კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 49% სავარაუდოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისში, იმ გამოკითხულთა 24%, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებდა, ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, ხოლო 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 5% თავისუფალ დემოკრატებს უჭერდა მხარს, 4% - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 3-3% ლეიბორისტულ პარტიას და "სხვას". 45% არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს ან კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. მაშინდელი კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 56% მივიდოდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები