რუსეთი სირიაში

რუსეთმა სირიაში პირველი საჰაერო დარტყმები განახორციელა

ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოსგან უკვე ოფიციალურად მიიღო თანხმობა სირიაში ჯარის განთავსების შესახებ. ფედერაციის საბჭომ განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნა ეხებოდა სამხედრო კონტინგენტის ქვეყნის ტერიტორიის გარეთ განთავსებას და ეფუძნებოდა „საერთაშორისო სამართლით აღიარებულ უნივერსალურ პრინციპებსა და ნორმებს“. დღესვე რუსეთმა სირიაში პირველი საჰაერო დარტყმები უკვე განახორციელა. საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთმა იერიში ქალაქ ჰომში არა ისლამური სახელმწიფოს, არამედ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამბოხებულთა პუნქტებზე მიიტანა. რუსულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ჰომი სირიის სამთავრობო ძალებმაც დაბომბეს. იერიშებს 27 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც არიან. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით კი, ოპერაცია მხოლოდ საჰაეროა და სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანა არ იგეგმება. ვლადიმირ პუტინის თქმით, არსებული ოპერაცია საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და სირიის პრეზიდენტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.

"დიდი ხანია, ისლამურმა სახელმწიფომ ჩვენი ქვეყანა მტრად გამოაცხადა, დღეს მთელი რიგი სახელმწიფოები იყენებენ ავიაციას მათი პოზიციების დასაბომბად. რუსეთის გეგმების შესახებ სირიაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ინფორმირებულნი. ჩვენი ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვითა და პრეზიდენტ ასადის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება", - თქვა პუტინმა.

სირიის საკითხთან დაკავშირებით ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ვლადიმირ პუტინი ღიად აფიქსირებს მხარდაჭერას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ. ორშაბათს, გაეროს სამიტზე ნიუ-იორკში, პუტინს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა სირიაში საავიაციო ძალების გამოყენებას.

"ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენი ქმედებები მკაცრ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართალთან", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ბოლოს, როდესაც პუტინმა სამხედრო კონტინგენტის ქვეყნის გარეთ განთავსების ნებართვა მოითხოვა, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორია დაიკავეს და ყირიმი შეიერთეს. 

კომენტარები