ლარის გაუფასურება

რევიშვილი: საზედამხედველო სამსახურის გამოყოფას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს

rustavi2.com

"ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ლარის გამყარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ვასილ რევიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

რევიშვილის შეფასებით, მთავრობის მხრიდან საზედამხედველო სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას სადამსჯელო სახე აქვს და მან შესაძლოა ცუდად იმოქმედოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე.

"იდეალურ პირობებში ის, რასაც მთავრობა აჟღერებს, რის გამოც მოხდა ფინანსური ზედამხედველობის გატანა, ლარის კურსთან არავითარ კავშირში არ უნდა იყოს. ვინაიდან მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური პოლიტიკა კვლავ რჩება სხვა სააგენტოების, პირველი ეროვნული ბანკის და მეორე მთავრობის ხელში. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ ამ სადამსჯელო ოპერაციას ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში ზოგადად ფინანსური სტაბილურობისთვის, ვინაიდან არის საშიშროება იმისა და არის ნიშნებიც, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შეიძლება იყოს მცდელობა, რომ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ, ვთქვათ, ბანკების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ინვესტორების და თვითონ ბანკების მხრიდან ნდობის დაცემას, გამოიწვევს რისკების ზრდას. შესაბამისად, ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის, რაც თავისთავად ლარის კურსზე იმოქმედებს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ლარის კურსის ბოლო ცვლილება, შეიძლება დავუკავშიროთ გარკვეულწილად ამ გაწევ-გამოწევას, რაც ამ ბოლო დროს მოხდა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მხრიდან, იმიტომ, რომ ბაზარი, საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს იმას, რაც ხდება მთავრობაში, სკეპტიკურად უყურებს ამ მთავრობის კომპეტენციას, რომ ნებისმიერი სიტუაცია ან რეგულაციები სწორად დაალაგოს", - განაცხადა რევიშვილმა.

კომენტარები