კანონი ნოტარიატის შესახებ

სამინისტრო: ახლადდანიშნული ნოტარიუსი 3 წლის მანძილზე რეგიონში იმუშავებს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, "ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში იმუშავებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. თუ ახლადდანიშნული ნოტარიუსი უარს იტყვის შესაბამის რეგიონში მუშაობაზე, ცვლილების მიხედვით, ეს იქნება მისი ნოტარიუსად დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო თუ ის სამწლიანი ვადის ამოწურვამდე შეწყვეტს საქმიანობას "გამწესების ადგილას", მას ნოტარიუსის უფლებამოსილება შეუწყდება. 

უწყების ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. "საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში (წყალტუბოს, ქედის, ცაგერის, მესტიის, ვანის, ონის, ასპინძის, თიანეთის, ადიგენის, ამბროლაურის) ნოტარიუსთა ბიუროები არ ფუნქციონირებს. მხოლოდ თითო ნოტარიუსი ჰყავს კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტს (საგარეჯოს, ყვარლის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, ბორჯომის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ხონის, ჭიათურის, თერჯოლის, ტყიბულის, აბაშის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ლენტეხის, ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები). მათი გათავისუფლების ან, თუნდაც, მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, ეს მუნიციპალიტეტებიც შეიძლება დარჩეს სანოტარო მომსახურების გარეშე", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეისათვის საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან 146 ნოტარიუსი თბილისშია, 12 − ბათუმში, 11 − ქუთაისში და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებებს.

"საქართველოს პატარა ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში ნოტარიუსები სანოტარო ბიუროების განთავსებაზე უარს იმ მიზეზით აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა ფინანსურად წამგებიანია. სწორედ ამიტომ ნოტარიუსებს, რომლებიც იმ რეგიონებში იმუშავებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ფინანსურ დახმარებას ნოტარიუსთა პალატა გაუწევს. მათ საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილი საფასურიც აუნაზღაურდებათ, რომელიც 150 ლარს შეადგენს. ნოტარიუსთა ფინანსურ მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე „საგადასახადო კოდექსში" გათვალისწინებული ცვლილებები უზრუნველყოფს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც უწყება 2013 წლიდან ატარებს. კამპანია სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე 2013 წელს დაიწყო. იუსტიციის მინისტრი პირადად მონაწილეობდა ნოტარიუსობის კანდიდატებთან გასაუბრებაში და მათ იმ რაიონებში დაფუძნების მნიშვნელობას უხსნიდა, სადაც მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ამ პოლიტიკის შედეგად, პირველი ნოტარიუსი დაინიშნა საქართველოს 9 ქალაქსა და დაბაში, კიდევ 6 დაბაში კი, მეორე სანოტარო ბიუროები გაიხსნა. თუმცა, ნოტარიუსთა ნაწილმა დანიშვნიდან მოკლე ხანში მუშაობა კვლავ დიდ ქალაქში ამჯობინა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ეს პროცესი უკვე საკანონმდებლო რეგულაციებს დაექვემდებარება", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები