2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი დაახლოებით 1 459 მლნ აშშ დოლარი იყო (წინა წელთან შედარებით, 24%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 937 მლნ აშშ დოლარი (2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 10 %-ით ნაკლები). საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება.
რაც შეეხება აგვისტოს თვეს, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ სულ $190 მილიონი შეადგინა. 2014 წლის აგვისტოში, ეს მაჩვენებელი $248 მილიონი იყო. 2015 წლის აგვისტოში ასევე შემცირდა იმპორტი და მან $623 მილიონი შეადგინა. გასული წლის აგვისტოში იმპორტი $682 მილიონი იყო.
იმპორტის შემცირებას უარყოფითთან ერთად დადებითი ეფექტიც აქვს, რადგანაც იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტის დასაფინანსებლად უცხოეთში უფრო ნაკლები თანხა გაედინება.
წელს აგვისტოს ჩათვლით საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 478 მლნ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით თითქმის 3.5 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია, რადგანაც სხვა წყაროები, როგორიცაა ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი, შემცირებულია, რაც ლარის გაუფასურების მთავარი გამომწვევი მიზეზია.





