ქორიძე: პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე და არა აკაკი ბობოხიძის ძმა

http://pirveliradio.ge

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისია და პრეზიდენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მისი თქმით, ლევან ბობოხიძის შეწყალების მიზეზი არ გამხდარა მისი ძმის, აკაკი ბობოხიძის პარლამენტის წევრობა და ეს ვერ გახდებოდა ვერც არ შეწყალების მიზეზი.

„შეწყალების მექანიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ მან გამოასწოროს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები. შეწყალების კომისია სამართალს არ აღასრულებს. ეს არ არის დიდი ჟიური. შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას იღებს შეწყალების თაობაზე და არა იმაზე, რომ აღასრულოს სამართალი. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის კომისიის წევრთა სერიოზული განსჯის, კამათის და ბჭობის შედეგი. კომისია არც სამართალს აღასრულებს და არც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. როდესაც ჩვენ ვბჭობთ, ჩვენ ვიხილავთ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს, მაგრამ ჩვენ არ ვიხილავთ იმ პოლიტიკურ თემებს, რომლებიც შეიძლება ამა თუ იმ საქმესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ჩემთვის უცნაური იყო, როცა გუშინ ვისმენდი განცხადებას კონკრეტულ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, როგორც პოლიტიკური შეფერილობის თემას. ჯიბუხაიას, ჭელიძეს, ბობოხიძისა და კირთაძის საქმეზე კომისიის ყველა წევრმა იმსჯელა და კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი ამ მსჯავრდებულების შეწყალებას. ეს იყო დადებითი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ პრეზიდენტს და რომელმაც, თავის მხრივ, მასზე თანხმობა განაცხადა. ასე რომ, პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობიხიძე და არავითარ შემთხვევაში არ განგვიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების საკითხი. ეს არის არსებითი განსხვავება“ - განაცხადა ქორიძემ.

მისივე თქმით, ბობოხიძის შეწყალება არ ყოფილა პრეზიდენტის ექსკლუზიური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება აქვს.

„პრეზიდენტმა სწორედ იმისთვის შექმნა შეწყალების კომისია, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, ვინაიდან, როგორც წესი, ექსკლუზიურ უფლებებს კითხვის ნიშნები ახლავს. პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შექმნილი შეწყალების დღევანდელი კომისია, განსხვავებით წინა კომისიებისგან, მართლა რეალურად მუშაობს და თითოეულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დიდი პასუხისმგებლობით იღებს. შეწყალება არის წყალობა, შეწყალება არ არის ჯილდო, შეწყალება არ არის სამართლის აღდგენა. შეწყალებას, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ მხოლოდ პრეზიდენტი და სხვა ვერავინ ვერ გაიღებს იმ მსჯავრდებულების წინაშე, რომლებიც ამ წყალობას იმსახურებენ. რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული მსჯავრდებულების საქმეს, რომელთა შეწყალებაზეც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, ცოტა უცნაური იქნებოდა მას ეთქვა: ეს ადამიანები იმიტომ უნდა დავტოვოთ ციხეში, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაკავშირებულნი ან ერთ-ერთი მსჯავრდებული ნაციონალური მოძრაობის წევრის ძმა არისო“ - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ განცხადება პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 98 პატიმრის შესახებ 23 ივლისს გააკეთა. მათ შორის არიან ლევან ბობოხიძე და მასთან ერთად დაკავებული ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია. დაკავებულებს ბრალად სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედებოდათ და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

შეწყალების ფაქტს გუშინ გამოეხმაურნენ მთავრობის წევრები. პრემიერმინისტრის თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის ჭეშმარიტად „ნაციონალური“ პრეზიდენტი. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს პრეზიდენტი სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილსა და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს. სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით კი პრეზიდენტის გადაწყეტილება ნაჩქარევი იყო.

კომენტარები