თბილისის მთავრობა

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერია უარყოფს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. მერიის ცნობით, სუდაძე საკუთარ მოვალეობას ასრულებს, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.

"ბერეკაშვილი მუშაობას თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გააგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ დაიკავებს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას. შერჩეულ კანდიდატურას დედაქალაქის მერია შესაბამისი პროცედურების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის საკრებულოს, რომლის თანხმობის შემდეგაც მოხდება მისი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის გადადგომის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ავთანდილ სუდაძე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ამ დროისთვისაც სტიქიით დაზიანებულ ობიექტებზე გაწმენდით სამუშაოებს უწევს კოორდინირებას", - აცხადებს მერია.

 

კომენტარები