საქართველოს ეროვნული ბანკი

აბაშიშვილი ეროვნულ ბანკზე: ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი დაირღვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საპარლამენტო კომიტეტების მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიღებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაირღვა.

"საქართველოს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება. კანონპროექტის შემუშავებაში არ ყოფილან ჩართულნი ექსპერტები ევროკავშირიდან, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ისევე როგორც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონპროექტზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს მსხვილმა ბიზნესასოციაციებმა, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის ექსპერტებმა. სამწუხაროა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით, წარმოადგენს 2014-2016 წლებში საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის26 იანვრის #59 განკარგულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. ვინაიდან, ასოცირების დღის წესრიგში და შემდგომ უკვე მთავრობის განკარგულებაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვა უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილებაზე დაყრდნობით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა გუშინდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. დავით ონოფრიშვილმა კი, თავისუფალი დემოკრატების სახელით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. ამასთან, ინიციატორებმა განაცხადეს, რომ გაიზიარეს გამოთქმული შენიშვნები და ისინი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანილ დოკუმენტში აისახება. კომიტეტებმა ამ დათქმით კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

 

კომენტარები