საქართველოს ეროვნული ბანკი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის პროცესს იწყებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის პროცესს იწყებს. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსულტაციები ღია იქნება. მან საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ინიციატივას ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი უწოდა.

„დღეიდან მე ვიწყებ კონსულტაციებს გიორგი ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

ამავდროულად, მოგახსენებთ, რომ ამჟამად, ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი. საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასების თანახმად, ძალიან მაღალპროფესიულად ასრულებს საქმიანობას, მათ შორის, განსაკუთრებით, საბანკო ზედამხედველობის სფეროში. ამავდროულად, საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებებზე, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან, ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებასთან, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი აწერს ხელს და რომელიც შეეხება სწორედ ასოცირების დღის წესრიგის 2015 წლის სამოქმედო გეგმას. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალიან ღია შეფასებებთან, ბიზნესასოციაციების შეფასებებთან, ექსპერტების შეფასებებთან, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებთან.

და სამწუხაროდ, ამ დრომდე, კანონპროექტის არც ავტორების და არც მათი მხარდამჭერების მხრიდან, თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტიც კი არ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. გარდა ერთისა, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია პიროვნებების გამო ინსტიტუტების ასეთი ნგრევის პროცესი, რომელსაც ახლა აქვს ადგილი. და მეორე, სწორედ ახლა, დავიწყეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის პროცესი. სულ შვიდი თვე დარჩა ბატონ ქადაგიძეს და, შესაბამისად, კიდევ უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია, თუ მთლიანობაში ამ პროცესის განხორციელების შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა მთლიანობაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. შესაბამისად, ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებზე მის ყველა მხარდამჭერს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

კომენტარები