შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჭიაბერაშვილი: სუს-ის შსს-დან გამოყოფა ფასადური ცვლილება იქნება

facebook.com

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გამოეყოფა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური მაშინ, როდესაც ქვეყანას კულისებიდან ბიძინა ივანიშვილი მართავს. ჭიაბერაშვილის აზრით, ამგვარ გაყოფას ამ ეტაპზე მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება.

„სუს-ი დღეს პირდაპირ გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად, ამიტომ იმ ფასადურ სიტუაციაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავს, არსებითად ეს პოლიტიკური პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით იქნება, თუ ცალკე სტრუქტურად გამოიყოფა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ გაყოფილი იყო შევარდნაძის დროს სტრუქტურები, მაგრამ ის იყო კორუფციის ჭაობი ერთის მხრივ და ასევე იყო ორგანიზებულ კრიმინალთან შეზრდილი, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სანამ თვითონ მმართველობის სისტემა არ შეიცვლება, ამგვარ გაყოფებს მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოს. შესაბამის ინიციატივას დღეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. იდეა საქართველის პრემიერმინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასა და რეორგანიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები