საქართველოს ეროვნული ბანკი

აბაშიშვილი: IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, სებ-ის დამოუკიდებლობა არ უნდა შეიზღუდოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არ უნდა შეიზღუდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აბაშიშვილმა გიორგი მარგველაშვილისა და IMF-ის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსის შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა. მისივე ცნობით, გრიფითსმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

"პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე მიმოხილვა გააკეთა უშუალოდ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნულ ბანკზე საუბარს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და არ შეიძლება არცერთი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც შესაძლოა, რაიმე ფორმით ზღუდავდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას", - თქვა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მარკ გრიფითსსა და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს ავლაბრის სასახლეში შეხვდა. სავალუტო ფონდის მისიამ შეხვედრა საქართველოს პრემიერმინიტრთანაც გამართა. 

კომენტარები