ევროპა ლიგა 2014-15

ჯაბა კანკავას დნიპრომ ნაპოლი დაამარცხა და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა

edition.cnn.com

დნიპროპეტროვსკის დნიპრომ შინ, ანგარიშით - 1:0 დაამარცხა იტალიური ნაპოლი და ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა მთლიანად ნაპოლის ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა და მინიმალური ანგარიშით იგებდნენ კიდეც, თუმცა მატჩის მიწურულს უკრაინელებმა გათანაბრება მოახერხეს. რაც შეეხება 14 მაისის შეხვედრას, ის კვლავაც სტუმრების სტუმართა მასირებული შეტევებით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ დნიპრომ გაუძლო და მეორე ნახევრის გარკვეულ ეპიზოდებში თავადაც ფლობდა უპირატესობას. 

58-ე წუთზე კონოპლიანკას ჩაწოდებულ ბურთს ნაპოლის საჯარიმოში მყოფი სელეზნიოვი გამოეხმაურა და ურთულესი მდგჰომარეობიდან ბურთი თავით გადაგზავნა კარში. ეს გოლი როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მატჩში ერთადერთი გამოდგა. მიუხედავად რაფაელ ბენიტესის გუნდის შტურმისა, დნიპრო თავს საიმედოდ იცავდა და კონტრშეტევაზე ერთხელ ფაქტობრივად ასპროცენტიანი გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნახევარმცველი თანაბრად პროდუქტიული იყო როგორც დაცვაში, ასევე შეძლებისდაგვარად შეტევებშიც ერთვებოდა და ორჯერ სახიფათოდაც დაარტყა.

თუ კანკავა ფინალურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, ეს ისტორიული მოვლენა იქნება - აქამდე ქართველ ფეხბურთელს ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში არასდროს უთამაშია.

ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა 27 მაისს, ვარშავაში გაიმართება.

კომენტარები