საქართველოს ეკონომიკა

ვოლსკი: სავალუტო კურსის რყევით ვინ შეიძლება კმაყოფილი იყოს?

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის თქმით, მთავრობის დამტკიცების შემდეგ უფრო ინტენსიური გახდება საპარლამენტო კომიტეტებში მინისტრების მისვლა და მათი ანგარიშების განხილვა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, "აუცილებელი არ არის, ამას გათავისუფლება მოყვეს". 

"პირიქით, თანამშრომლობის ხარისხი გაცილებით უნდა გაიზარდოს, ინტენსიური და შედეგიანი გახდეს. გათავისუფლება და სკანდალი უფრო საინტერესოა, მაგრამ კარგი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის", - თქვა ვოლსკიმ ეკონომიკური გუნდის მინისტრებზე საუბრისას.

კითხვაზე, თავად კმაყოფილია თუ არა ეკონომიკური გუნდის მუშაობით, დეპუტატი პასუხობს, რომ "ეკონომიკური მდგომარეობით, სავალუტო კურსის რყევით ვინ შეიძლება კმაყოფილი იყოს, მაგრამ არსებობს სტრატეგიული მიმართულებები, არსებობს პროექტები, რომელსაც კარგად ართმევს თავს ეკონომიკური ჯგუფი". ვოლსკის შეფასებით, "სირთულე ყოველთვის არ არის დამოკიდებული კონკრეტული ადამიანის ყოფნა-არყოფნაზე, აქ არის კომპლექსური პრობლემები და ამ პრობლემებს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით მას შემდეგ, რაც ნდობის გამოცხადების საკითხს გადავლახავთ".

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, თუ გაეცნო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს და რა კითხვები ექნება გიორგი ქადაგიძესთან პარლამენტში გამოსვლის დროს.

"მე, ისევე როგორც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს, მაქვს ერთი მთავარი კითხვა - რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევა და როდის არის მოსალოდნელი გაუმჯობესების ტენდენცია", - თქვა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს ჯერ არ გასცნობია.

კომენტარები