ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქეები ჰუსეინ ერჰან ერგუჯი და აზიზ ერგუჯი დააკავეს.

"ბრალდებულებმა, თბილისში, შესაბამისი რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე დაამონტაჟეს ინტერნეტსიგნალის მიმღები სპეციალური მოწყობილობა ე.წ. სიმბოქსი, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი, ინტერნეტტრაფიკის გამოყენებით გარდაიქმნებოდა ლოკალურ ზარად და ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ზარად მიეწოდებოდა საქართველოში მოქმედ კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტებს. დანაშაულებრივი ქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს და საქართველოში მოქმედ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ამოღებულია სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. სიმბოქსები, სპეციალური გადამცემი ანტენები, კომპიუტერული ტექნიკა და ათეულათასობით სიმ ბარათი.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და მობილური ოპერატორებისთვის მიყენებული ფინანსური ზიანის დასადგენად. გამოძიება გრძელდება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.

კომენტარები