არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილზე

NGO-ები: ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს

ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან გადაცემაში კვირის 20/30 ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ.

განცხადებაში წერია, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი აგრძელებს განცხადებათა სერიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„იგი, მართალია, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს ადანაშაულებს ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობაში, მაგრამ განცხადების სულისკვეთება მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცება დაუსაბუთებელია, მან შესაძლოა, წაახალისოს სხვა პირები, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოიყენონ იგივე რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და, ამდენად, შეაფერხონ აქტიური სამოქალაქო ჩართულობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესებში. როგორც ეს უკვე ვნახეთ, ყოფილი პრემიერის მსგავს განცხადებებს ხშირად მოჰყვება ხოლმე დაუსაბუთებელი ბრალდებები პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმა განსხვავებული აზრის უპატივცემულობით არის გამოწვეული.

„ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს არა საქმიან კრიტიკას, რომელსაც სიამოვნებით მოვისმენდით, არამედ განსხვავებული აზრის უპატივცემულობას. ასეთი მიდგომა ადგილს არ ტოვებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანისთვის - ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სისტემურ პრობლემებზე მივმართოთ საზოგადოების ყურადღება", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, დაემთხვეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოსაზრებას და ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მიკერძოებულობას.

„დასანანია, რომ ამის ახსნა გვიწევს", - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ყოფილი პრემიერის განცხადებები არ იქნება აღქმული მითითებად და ისინი, კანონისა და დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად, იქონიებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

4. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI)

5. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

6. ადამიანის უფლებათა ცენტრი

7. იდენტობა

8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

9. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

10. მწვანე ალტერნატივა

11. საქართველოს სასოფლო დარბაზი

12. მედიის ინსტიტუტი

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN):

13. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია

14. ასოციაცია „სპექტრი"

15. ასოციაცია ,,დეა"

16. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი

17. საზოგადოება „ბილიკი"

18. სტეფანწმიდა

19. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი

20. ნაბიჯი ხარაგაული

21. Step Forward

22. კავშირი "სპექტრი"

23. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი

24. ჩვენ–ჯანსაღი მომავლისათვის

25. რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს–ცენტრი

26. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი

27. დემოკრატ მესხთა კავშირი

28. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

29. რეგიონის განვითარების ცენტრი

30. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი

კომენტარები