საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2279 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 503 მილიონი აშშ დოლარი იყო (28%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მილიონი აშშ დოლარი (3%-ით ნაკლები).
საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოქვეყნდება.
ექსპორტი ქვეყანაში სავალუტო შემოდინების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, 2015 წლის პირველ კვარტალში კი 28%-ით შემცირება ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის სათანადო საფუძველს არ ქმნის.





