გიგი უგულავას საქმე

რატიანი: გიგი უგულავა პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, "გიგი უგულავა პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია". მან აღნიშნა, რომ უგულავას პატიმრობაში დატოვებით კონსტიტუცია დაირღვა. ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გუშინ ამოეწურა.

"გიგი უგულავას ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ცდილობენ, ახალი ბრალის წარდგენით გააჩერონ ციხეში ასევე ცხრა თვე, და საერთოდ, დამკვიდრდა საქართველოში ის პრაქტიკა, როდესაც ბრალის წარდგენის მიზანი და ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ ადამიანი დატოვონ ციხეში. გიგი უგულავა არის პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარი და კონსტიტუცია არის დარღვეული", - თქვა რატიანმა.

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გუშინ ამოეწურა და რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციას, არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელე და რადიო კომპანია იმედის, ასევე, მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეიდან გიგი უგულავა უკანონო პატიმარია. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების თვითმიზანია და მისთვის პატიმრობის შეფარდების უკან პოლიტიკური მოტივია. ევროპარლამენტარების შეფასებით კი, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

კომენტარები