ერთობლივი არაბული სამხედრო ძალა

არაბული ლიგის ქვეყნები ერთობლივი არაბული სამხედრო ძალის შექმნაზე შეთანხმდნენ

Associated Press

ეგვიპტის პრეზიდენტმა, ფათაჰ ალ სისიმ, არაბული ლიგის ქვეყნების სამიტის დასკვნით სესიაზე აღნიშნა, რომ არაბული ქვეყნების ლიდერები ერთობლივი სამხედრო ძალის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდება.

არაბული ლიგის ორდღიანი სამიტი ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში, იემენში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით გაიმართა. მის დაწყებამდე, 26 მარტს, ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოეწყო, რომელზეც სამხედრო ძალის შექმნის სამოქმედო გეგმა განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს არაბული ლიგის 22 სახელმწიფოს, ერთი თვის განმავლობაში შეიკრიბონ, რათა ერთობლივი სამხედრო ძალის შექმნის დეტალები განიხილონ.

სამხედრო კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, უკვე რამდენიმე დღეა, იემენში საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. კოალიცია შიიტური დაჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებს, რომელიც ჰუსის მიმდევრების სახელითაა ცნობილი. ამბოხებულებმა ქვეყნის უმეტესი ნაწილი საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციეს და პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი, რომელსაც აშშ და სპარსეთის ყურის ქვეყნები უჭერდნენ მხარს, ქვეყნიდან გააქციეს. საუდის არაბეთის მტკიცებით, დაჯგუფებას ზურგს ირანი უმაგრებს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ეგვიპტელმა სამხედრო და უშიშროების მაღალჩინოსნებმა ანონიმურად აღნიშნეს, რომ ერთობლივი სამხედრო ძალა, სავარაუდოდ, 40 ათას ელიტურ სამხედროს გააერთიანებს და კაიროში ან ერ-რიადში განთავსდება. მათი თქმით, მას ზურგს რეაქტიული თვითმფრინავები, სამხედრო ხომალდები და მსუბუქი ჯავშანტექნიკა გაუმაგრებს. მათივე ინფორმაციით, იემენში საჰაერო დარტყმებს შესაძლოა, სახმელეთო ინტერვენციაც მოჰყვეს, რათა ამბოხებულები კიდევ უფრო მეტად შეასუსტონ და აიძულონ, რომ მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ.

კომენტარები