დედაქალაქის თვითმმართველობა

ვარკეთილის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი მუქარის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს

ლაშა ცანავა
rustavi2.com

ვარკეთილის მუნიციპალიტეტის თანამშრომელ ლაშა ცანავას, რომელმაც ცოტა ხნის წინ თვითმმართველობებში არსებული დარღვევები გაასაჯაროვა, სამსახურს დაატოვებინებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამგორის გამგებელმა მიიღო.

როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, ცანავას, მას შემდეგ რაც მან ჟურნალისტებთან სუს-ის თანამშრომლების მიერ, მერიის არაფორმალურ მართვაზე ისაუბრა, ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი დაუკავშირდა და სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა. ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრება მაკასარაშვილი ცანავას, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამგებელთან დარეკავს. 

ჩანაწერში დეპუტატი, სუს-ის ხელმძღვანელს მირიან მჭედლიშვილსა და მის ძმას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილს ახსენებს, რომელსაც ცანავა მერიის მართვაში სდებდა ბრალს. ამგვარი ბრალდება წინა თვეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც წამოაყენა.  

"შენ დედიშენისა რომ ჭამე თუ იცი ლაშა და თავი რომ დაიმარხე? მზადა ხარ ცხოვრებაში გამოწვევებისთვის?", - მიმართავს დეპუტატი ცანავას, რომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

არ არის გამორიცხული, ვარკეთილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მობილურზე განხორციელებული მუქარის ზარების გამო სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას. ლაშა ცანავა შესაბამის ჩანაწერებს პროკურატურას უახლოეს დღეებში გადასცემს.

კომენტარები