დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს დასწრების უფლება არ მისცეს. საშვების ფლობის მიუხედავად, ისინი მერიის შენობაში არ შეუშვეს. თემურ გრიგალაშვილმა და ირაკლი აბესაძემ დაცვის სამსახური კანონის არცოდნასა და სუს-ის უკანონო მითითების შესრულებაში დაადანაშაულეს.
"მე მაქვს საშვი, რის საშუალებითაც დაცვის სამსახური ვალდებულია, შემიშვან და სადაც მინდა, მერე იქ შევალ - მინდა, მთავრობის სხდომას დავესწრები, მინდა -იურიდიულ სამსახურში ავალ, მინდა, სოციალურ სამსახურში ავალ და გავარკვევ, რას აკეთებს და რაზე მუშაობს", - თქვა აბესაძემ.
მერიიდან წამოსვლის შემდეგ ფრაქციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
"ნიკოლოზ ბასილაია, რომელმაც არ შეგვიშვა შენობაში, არის კონკურსში ჩაჭრილი და ის არ იმსახურებს მერიაში მუშაობას. თუმცა, რომ გავყვეთ, ვიღაცის ნათესავი აღმოჩნდება და, როგორც ჩანს, ამიტომ აძლევენ ამდენის უფლებას. მაგრამ მთავარი პრობლემა არის სხვა - დედაქალაქის 92% თვლის, რომ დავით ნარმანიას 8-თვიანი მოღვაწეობის განმავლობაში არ ჰქონია არცერთი წარმატება. შესაბამისად, აუცილებელია დავით ნარმანიას არ მივცეთ საშუალება ასე წარუმატებლად გააგრძელოს მუშაობა", - თქვა აბესაძემ.
თემურ გრიგალაშვილის თქმით კი, დავით ნარმანია საკრებულოს წევრებს ემალება, რადგან მერიაში არსებულ კორუფციულ ფაქტებსა და სხვა პრობლემებზე პასუხი არ აქვს.





