აბაშიძე-კარასინის ფორმატი

შარაშენიძე: აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა ჩვენთვის ძალიან დამაზიანებელია

რადიო "თავისუფლება"

GIPA-ს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, "აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა არის ჩვენთვის, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან დამაზიანებელი". როგორც მან აღნიშნა, "ამაში ჩვენთვის არაფერი მომგებიანი, არანაირი ხეირი არ იქნება". შარაშენიძის თქმით, ეს საქართველოს მხოლოდ გაუფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან.

"ეს არანაირად არ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მე ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზები ჩასხდნენ რკინიგზაში და ჩვენთან გამოიქცნენ თბილისში. ეს აბსოლუტური აბსურდია და ბუნებრივია, ეს კიდევ დაეხმარება რუსეთს, რომ რამენაირად კიდევ უფრო გაანმტკიცოს თავისი პოზიციები კავკასიაში, რადგან იგი აამუშავებს კიდევ ერთ სარკინიგზო ხაზს, რომელითაც დაუკავშირდება სომხეთს, სადაც აქვს თავისი სამხედრო ბაზა. ისევ და ისევ, ჩვენთვის ამაში არაფერი კარგი არ არის. თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენთვის ამაში რამე პლუსია, სიამოვნებით მოვუსმენ, თუმცა, დამერწმუნეთ, ასეთი პლუსები არ არსებობს", - განაცხადა შარაშენიძემ.

პრაღაში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა დაიწყო. როგორც გრიგორი კარასინმა განაცხადა, შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა არა დეტალურად, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი აფხაზური მხარის მონაწილეობით უნდა იქნას განხილული.

პრაღაში დღევანდელი შეხვედრა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ იმართება.

კომენტარები